სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 7 თვეში უკანონო თევზჭერის 488 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 488 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 233 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 121 ფაქტი გამოვლინდა მცხეთა-მთიანეთში. იმერეთში დაფიქსირდა 92 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 92, ქვემო ქართლში - 54, შიდა ქართლში - 31, კახეთშიც - 31, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 21, სამცხე-ჯავახეთში კი - 3.
უკანონო თევზჭერის 40 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.
ჯამში,უკანონოდმოპოვებულითევზისოდენობამ484 კგ-ს გადააჭარბა.
ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში, ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის 7 თვეში პრევენციული ღონისძიებების შედეგად ჯამში ამოღებულია 1200 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 32 ერთეული თევზმახე - ე.წ. ოჩხი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობის, ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.